ტერაბანკი, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქცენტს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე აკეთებს. ამ მიმართულების განვითარებისთვის კი ჩვენ სახალისო, ინტერაქტიულ და სასარგებლო აქტივობებს ვირჩევთ.
ტერა ბაიკი
ტერაბანკის საზაფხულო კამპანია „ტერა ბაიკი“ ქართული რეალობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის სრულიად განსხვავებული ინიციატივა იყო. იგი მიზნად ველოსიპედით სიარულისა და, შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა. კამპანიის ფარგლებში, ტერაბანკის არსებულ თუ ახალ მომხმარებლებს ჩვენი ველოსიპედებით სარგებლობა თბილისში სრულიად უფასოდ შეეძლოთ. მთელი ზაფხულის განმავლობაში ბანკის 5 ფილიალთან სპეციალური ველოსადგომები იყო მოწყობილი, მსურველებს კი ველოსიპედები მარტივად, მხოლოდ ტერა ბაიკის ბარათით გაჰყავდათ. ველოსიპედების შეთავაზებასთან ერთად, ტერაბანკმა მოსახერხებელი, მოკლე და უსაფრთხო მარშრუტების შექმნაზეც იზრუნა: პროფესიონალი ბაიკერების დახმარებით, მომზადდა სპეციალური გზამკვლევები, რომლებიც ველოსიპედის მოყვარულებს თბილისის მასშტაბით კომფორტულად გადაადგილებაში ეხმარებოდა. „ტერა ბაიკი“ ქალაქისთვისაც მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენდა. ამ კამპანიით შევეცადეთ, დაგვემსხვრია სტერეოტიპი, რომელსაც ბევრი იზიარებდა: თბილისი ველოსიპედების ქალაქი არ არის. კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო, რამაც დაგვანახა, რომ „ტერა ბაიკი“ დროული თანამოაზრე აღმოჩნდა მათთვის, ვისაც ჩვენსავით სჯეროდა:სინამდვილეში ამ არაჩვეულებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენთანაც შესაძლებელია, თბილისს კი რეალურად აქვს პოტენციალი,რომ ველოსიპედების ქალაქად იქცეს.
უფასო ველოგაკვეთილები
ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერას ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ: ადამიანებს, რომლებსაც ველოსიპედით გადაადგილება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ჩართვა სურთ, მაგრამ მისი მართვა არ იციან, სპეციალურ უფასო გაკვეთილებს ვთავაზობთ. ამ გაკვეთილებს მათთვის პროფესიონალი ინსტრუქტორი ატარებს.