26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია SovLab-თან ერთად პროექტი "გაიცანი ხელმომწერი" მოგიმზადეთ.

ჩვენს ბლოგებში გაგაცნობთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე ხელმოწერათა ავტორებს, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც შეიტანეს წვლილი.
 

ალექსანდრე ასათიანი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი ეროვნული საბჭოს 88 წევრმა მოაწერა, მათ შორის ალექსანდრე ასათიანმაც, ადამიანმა, რომელმაც ქვეყნის ფინანსური პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


სხვადასხვა დროს ის იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხაზინადარი, საქართველოს სახალხო ბანკის საბჭოს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, კავკასიის გათავისუფლების კომიტეტის წევრი და ა.შ.


ალექსანდრე ასათიანი 1889 წლის 10 აპრილს, სოფელ ბარდნალაში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მისი მამა სამსონ ასათიანი ადვოკატი იყო. ალექსანდრე ქუთაისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში ჩაირიცხა, თუმცა კურსი არ დაუსრულებია. 1907 წელს მან უკვე ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა. 


ალექსანდრე სოციალისტური იდეოლოგიით მოწაფეობისას მოიხიბლა. 1904-1905 წლებში ის ლეჩხუმ-სვანეთის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რის გამოც დააპატიმრეს კიდეც. უმაღლესი განათლება მან მოსკოვსა და პეტერბურგში მიიღო: მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით 2 წლის განმავლობაში ისწავლა, სადაც უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარეობდა.


ალექსანდრემ მსოფლმხედველობა სტუდენტობის წლებში შეიცვალა და სოციალისტურიდან ეროვნულ იდეოლოგიაზე გადაერთო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი ადგილობრივ გაზეთთან, „სამშობლოსთან“ თანამშრომლობდა. ეროვნულ მიმართულებას სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებაშიც აქტიურად ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ასათიანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მცხეთის საეკლესიო კრების მოწვევაში, რომელმაც 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა.


დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის შემდეგ ალექსანდრე ასათიანი ეროვნულ საბჭოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით შევიდა. იგი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად, 1919 წლის თებერვალში კი საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად აირჩიეს. ალექსანდრე იყო კრების საბიუჯეტო-საფინანსო, ასევე შრომის, აგრარული და სამეურნეო კომისიების წევრი. 1919 წელს თბილისში მისი ნაშრომი „მიწის საკითხი საქართველოში“ გამოიცა, რომელიც ეკონომიკური დარგის სტუდენტთა დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა.

 

ნიკოლოზ ელიავა

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც ნოე ჟორდანიამ საზეიმო სხდომაზე 1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე წაიკითხა, ნიკოლოზ ელიავას ხელმოწერასაც ამოიკითხავთ.  იგი იურისტი, პოლიტიკოსი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტი იყო.


ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა 1876 წელს, სოფელ ღანირში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1902 წელს მან მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იმავე წელს ნიკოლოზი იცავდა მუშებს, რომლებიც ბათუმში გაფიცვის შემდეგ დაკავებული ამხანაგების გათავისუფლებას ითხოვდნენ. 


ნიკოლოზი „მესამე დასის“  საქმიანობაში იყო ჩართული. ის მხოლოდ პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებულ პირებს იცავდა, მუშებს კი უფასო კონსულტაციებს უწევდა. თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან და არსებულ მმართველობას აკრიტიკებდა, რის გამოც ის არაერთხელ დააპატიმრეს. 


1917 წლიდან ნიკოლოზ ელიავა თბილისის ქალაქის თავი, საქართველოს ქალაქთა კავშირის თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს წევრი იყო. დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის შემდეგ ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახდა. თავმჯდომარეობდა თვითმმართველობისა და მომარაგების კომისიებს, იყო გარეშე საქმეთა, საბიუჯეტო-საფინანსო და სარეკომენდაციო კომისიების წევრი. 

 

ვასილ წულაძე

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე, დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე ხელმომწერთა შორის იყო ვასილ წულაძეც, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი.


ვასილ (ვასო) ქაიხოსროს ძე წულაძე 1889 წლის 12 ოქტომბერს (მეორე ვერსიით 1887 წლის მარტში, ძველი სტილით), სოფელ ჭანჭათში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის 2-კლასიანი სკოლა დაამთავრა.


ვასილი რევოლუციურ საქმიანობაში ადრეული ასაკიდანვე  ჩაერთო, მონაწილეობდა ბათუმის ნავთობქარხნების მუშათა და გურიის გლეხთა მოძრაობაში. 1908 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს კიდეც. 1910-იან წლებში იგი სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებს ხელმძღვანელობდა, იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.


ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში ვასილის საქმიანობა 1914 წელს, მურღულის მადნის დამამუშავებელი ქარხნების საავადმყოფოს სალაროს გამგის პოზიციაზე დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ვასილმა სამსახური მიატოვა, თბილისში გადავიდა და მუშაობა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთში, „თანამედროვე აზრში“ განაგრძო.


1917 წლიდან ვასილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი - საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს იგი  საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრადაც აირჩიეს. იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარე და ფინანსური კომიტეტის წევრი. 
 

 

 

ანა სოლოღაშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორის ხუთი ქართველი ქალი იყო: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე-ბოლქვაძე და ანა (ოლა) სოლოღაშვილი.


საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მასწავლებელი, მენშევიკი და ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის გადასახლებული ანა (ოლა) სოლოღაშვილი 1882 წელს, სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. მან ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და 1917 წლამდე პედაგოგად მუშაობდა.


1903 წლიდან ანა სოლოღაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მოგვიანებით, პარტიაში განხეთქილების შემდეგ, იგი “მენშევიკებს” მიემხრო. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.


ანა 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით აირჩიეს. ანა საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრიც იყო.


საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ანა ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება. 1925 წლიდან კი პედაგოგიური საქმიანობა განაახლა.


1937 წელს ანა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა. ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, მას დახვრეტა მიუსაჯეს. საბჭოთა ხელისუფლებამ განაჩენი 28 ნოემბრის ღამეს აღასრულა.
 

 

 

ანდრია ჭიაბრიშვილი

ანდრია (ანდრო) ჭიაბრიშვილი 1884 წლის 13 მაისს, თბილისში დაიბადა. მან პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი თბილისშივე დაამთავრა. პროფესიით ხარატი ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მუშაობდა.


ანდრია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის მე-5 ყრილობის (1907 წ.) დელეგატი იყო. 1911 წლის 5 მაისს ის პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს.


1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ანდრია ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ამავე წლის ნოემბერში კი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.


ანდრია საქართველოს წითელი გვარდიის, იგივე სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ორგანიზატორი და მთავარი შტაბის წევრიც იყო. დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე ხელმოწერის შემდეგ ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახდა. მომდევნო წელს კი ანდრია თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრადაც აირჩიეს. იგი საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედრო კომისიების წევრი იყო.
ოკუპაციის შემდეგ ანდრიამ სამშობლო დატოვა და ცოტა ხნით სტამბოლში, ემიგრაციაში ცხოვრობდა, საიდანაც მალევე დაბრუნდა. რამდენიმე თვის განმავლობაში დაპატიმრებულიც იყო, თუმცა გათავისუფლების შემდეგ ის წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება.


ანდრო ჭიაბრიშვილი 1921 წლის 13 ივლისს კვლავ დააპატიმრეს და ერთი წლის შემდეგ, ორმოცდაათზე მეტ პოლიტპატიმართან ერთად, მოსკოვში გაგზავნეს, საიდანაც არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. ბანაკიდან იგი 1926 წელს გაათავისუფლეს, მისი შემდგომი ცხოვრება კი უცნობია. 

განაცხადის ფორმა

Security Code